NDI- თუ მოქმედი პრეზიდენტი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა 17 პროცენტამდე იზრდება
NDI- თუ მოქმედი პრეზიდენტი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა 17 პროცენტამდე იზრდება

NDI-ის კვლევის თანახმად, თუ მოქმედი პრეზიდენტი არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხვაში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა 17 პროცენტამდე იზრდება, სხვა კანდიდატების მაჩვენებლები კი, სტატისტიკურად იგივე რჩება.

ამასთან, კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კენჭს იყრის არჩევნებში, გამოკითხვის თანახმად, კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები ასე ნაწილდება –  „ქართული ოცნების” კანდიდატი – 12 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი – 10 პროცენტი, მოქმედი პრეზიდენტი – 6 პროცენტი, დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველოს” კანდიდატი) – 6 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატი) – 4 პროცენტი.

გამოკითხვაში მოქალაქეებს მეორე ტურის შესაძლო სცენარებზეც დაესვათ კითხვა. ყველა წარმოდგენილი სცენარის შემთხვევაში, “ქართული ოცნების” კანდიდატს დაახლოებით 32 პროცენტი მისცემდა ხმას. მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს 20 პროცენტი მისცემდა ხმას, დავით ბაქრაძეს – 20 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს – 11 პროცენტი, შალვა ნათელაშვილს კი – 18 პროცენტი. მცირედით განსხვავებული სურათი იქმნება მეორე ტურში მარგველაშვილისა და  “ქართული ოცნების” კანდიდატის დაპირისპირების შემთხვევაში. ასეთი არჩევანის პირობებში, მოსახლეობის 26 პროცენტი “ქართული ოცნების” კანდიდატს, 21 პროცენტი კი, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერდა მხარს. გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობის აზრით, ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დააყენოს.

ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობას სურს, რომ კანდიდატებმა წინასაარჩევნო პროგრამები დასაქმების, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე ააგონ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ კანდიდატების მხრიდან წინა მთავრობებზე და ოპონენტებზე თავდასხმებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების კრიტიკის მოსმენა  არ სურთ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ კვლევა დღეს გამოაქვეყნეს.

კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.