NDI - საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა
NDI - საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დელეგაციის დასკვნით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დღე ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით.

დასკვნას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დელეგაციის აზრით, დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.

„ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციითა და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას ნორმებს არღვევდა.

„ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საკუთარ მოვალეობებს გამჭვირვალედ ასრულებდნენ. გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემისა და ხმების დათვლის პროცესის მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები – რაც NDI-ის დამკვირვებლების მიერაც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების სრულყოფილი გამოძიება მართებს”, – აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, “არჩევნები, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ფასდებოდა, როგორც მშვიდი და არაფრით გამორჩეული, დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა”.

“მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის
სულისკვეთებას და – შეიძლება ითქვას – ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის”,-ნათქვამია შეფასებაში.

დელეგაცია საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და საჩივრების განხილვამდე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ,” – განაცხადა NDI-ის დელეგაციამ.