NDI - ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების 51%-მა მიიღო მონაწილეობა
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების პროცესს, მთლიანობაში, დადებითად აფასებს, საყურადღებოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს არ ენდობიან.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დღეს წარდგენილი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66%-მა განაცხადა, რომ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამავე მონაცემებით, ახალგაზრდა ამომრჩევლების მხოლოდ 51 პროცენტი წავიდა ხმის მისაცემად.
როგორც NDI-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო “უსაფრთხო” (93 პროცენტი), “მოწესრიგებული” (93 პროცენტი) და გარემო არ ყოფილა “შემავიწროვებელი/შემაშინებელი” (92 პროცენტი).
კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ “საშუალოდ” (40 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) ჩაატარა არჩევნები. თუმცა, მოსახლეობის მესამედი (30 პროცენტი) არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლის პროცესი სწორად წარიმართა. მოქალაქეების ასევე მესამედს მიაჩნია, რომ კანდიდატების მედია გაშუქება არათანაბარი იყო, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ დაიხარჯა თანხა და საჯარო მოხელეები კამპანიებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია თბილისში.
“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების პროცესს, მთლიანობაში, დადებითად აფასებს, საყურადღებოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს არ ენდობიან. კვლევის ეს მიგნება თანხვედრაშია არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებთანაც. ხმების დათვლის პროცესისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ამ პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები უნდა განიხილონ,” – განაცხადა ლორა თორნტონმა.
NDI-ის გავრცელებული ინფორმაციით, ნდობის ნაკლებობის პრობლემა დემოკრატიის სხვა ასპექტებზეც ვრცელდება.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ. 51 პროცენტი ამავე პრობლემას ხედავს ონლაინ მედიაში, 43 პროცენტი კი – ჟურნალ- გაზეთებში.
„ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების წყაროების მიმართ უნდობლობა გლობალური და შემაშფოთებელი ტრენდია. აუცილებელია, ხელი შევუწყოთ ჟურნალიტიკის რეპუტაციისა და სტანდარტების გაუმჯობესებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მონიტორინგის სისტემების დანერგვასა და საქართველოს მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას“, – აღნიშნა ლორან თორნტნმა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.