NDI-ის კვლევა - ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს, მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აღელვებთ
NDI-ის კვლევა - ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს, მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აღელვებთ

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, კვლევის ავტორთა განმარტებით, იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.

„თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.

მსგავსი ტენდენციაა ნატო-სთან მიმართებითაც – მოსახლეობის უმრავლესობა (73 პროცენტი) საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს.

„არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს – სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან.

ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51 პროცენტი) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს“, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.

კვლევის თანახმად, წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

„ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ“, – აცხადებს NDI-საქართველოს დირექტორი ალან გილამი.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების ათპროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.

„მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. მეტიც, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

„პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის მზარდი დისტანცია ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ნდობის აღსადგენად პოლიტიკოსებმა და არჩეული თანამდებობის პირებმა აქცენტი ხალხის საჭიროებებზე უნდა გააკეთონ და არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საგულისხმოა, რომ ახალი კვლევა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზე მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსსა და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სწყურიათ“, – განაცხადა ალან გილამმა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

„კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე“, – აღნიშნავენ ავტორები.

ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.