NDI-ის კვლევის მიხედვით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს
NDI-ის კვლევის მიხედვით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პასუხად კითხვაზე – თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა? – 37 პროცენტმა განაცხადა, რომ პროდასავლური. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ივლისის კვლევასთან შედარებით, 10 პროცენტით შემცირდა.

პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან – ეს პასუხი 36-მა პროცენტმა გასცა. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ივლისთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. 14 პროცენტი კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის. რვა პროცენტი ამბობს, რომ პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. ორი პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული.

კვლევის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

NDI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს, ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.