NDI-ის კვლევით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები 8-10 პროცენტით შემცირდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. NDI-ს ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.
შეკითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51 პროცენტი ამბობს – კარგად, 39 პროცენტი ცუდად აფასებს, ხოლო გამოკითხულთა რვა პროცენტი ამბობს, რომ არ იცის. გასული წლის აგვისტოში მონაცემები ასე გამოიყურებოდა: კარგად – 41 პროცენტი, ცუდად – 51 პროცენტი, არ ვიცი – 7 პროცენტი.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ცნობით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები 8-10%-ით შემცირდა.
პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 14 პროცენტი კარგად აფასებს, 45 პროცენტი – საშუალოდ, 32 პროცენტი – ცუდად, ხოლო გამოკითხულთა ხუთი პროცენტი აფიქსირებს პასუხს – არ ვიცი.
გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებდა გამოკითხულთა 12 პროცენტი, საშუალოდ – 43 პროცენტი, ცუდად – 40 პროცენტი.
დეკემბრის კვლევის შედეგებით, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 31 პროცენტი, საშუალოდ – 36 პროცენტი, ცუდად – 27 პროცენტი, მაშინ როდესაც გასული წლის აგვისტოში პრემიერის საქმიანობას კარგად აფასებდა 28 პროცენტი, საშუალოდ – 33 პროცენტი, ცუდად – 35 პროცენტი.
დეკემბრის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ – 50 პროცენტი, ცუდად – 31 პროცენტი, მაშინ როდესაც აგვისტოს მონაცემები ასე გამოიყურებოდა – პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებდა 9 პროცენტი, საშუალოდ აფასებდა 45 პროცენტი და ცუდად – 41 პროცენტი.
ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.