რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ზრუნავს საკითხების გადაჭრაზე, რაც მათ აწუხებთ, ოპოზიცია პრობლემებს ამწვავებს, ამის შედეგია, რომ მათ პულსიც აღარ ესინჯებათ
რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ზრუნავს საკითხების გადაჭრაზე, რაც მათ აწუხებთ, ოპოზიცია პრობლემებს ამწვავებს, ამის შედეგია, რომ მათ პულსიც აღარ ესინჯებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ ზრუნავს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, ხოლო ოპოზიცია პრობლემების გამწვავებაზეა ორიენტირებული.

იონათამიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და თავს დაცულად გრძნობს, მათ შორის გამოკითხულთა 25 პროცენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და, კვლევის თანახმად, 76 პროცენტი თითქოს მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ განწყობას და პოზიციას გამოხატავს. რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, ჩვენ სწორედ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ახლა მთავარია პრობლემების გადაჭრა. ამ მიმართულებით ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ნაბიჯი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და გააუმჯობესებს ამ საკითხებს. ასევე, საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის პასუხი ამ საკითხების გადაჭრისა და არა ის თვითდაზიანების პოლიტიკა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, რომელსაც არ აინტერესებს არც სამედიცინო და არც სოციალური საკითხები. პროგრესი, რაც ამ თვალსაზრისით ქვეყანას აქვს, შეუძლებელია, ინტერპრეტირებული იყოს და სხვაგვარი კუთხით გამოვლინდეს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ზრუნავს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც მათ აწუხებთ, ეს არის „ქართული ოცნება“. ოპოზიცია კი ამ პრობლემების გამწვავებაზეა ორიენტირებული და ამის შედეგია ის, რომ მათ უკვე, ფაქტობრივად, პულსიც აღარ ესინჯებათ, დიდი ტემპით კარგავენ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25 პროცენტი თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 6 პროცენტი.