NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
კითხვაზე, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, 27 პროცენტი რუსულ სამხედრო აგრესიას ასახელებს. 13 პროცენტი – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ხოლო 11 პროცენტი – რუსულ პროპაგანდას.
გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში გამოკითხულთა 29 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას ასახელებს, 20 პროცენტი – ნატო-ში გაწევრიანებას.
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, არაუმეტეს სამი პასუხისა, კვლევის ამ ნაწილის მიხედვით, 60 პროცენტი ევროკავშირს ასახელებს, 38 პროცენტი – აშშ-ს; გამოკითხულთა 20 პროცენტი – რუსეთს, 17 – პროცენტი ნატო-ს.
NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
გამოკითხვის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 60 პროცენტს შეადგენს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა. უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს უახლოესი ეკონომიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა – თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
კვლევის თანახმად, 2022 წლის მერე ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა. ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შედარებით მაღალია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირი და აშშ ყველაზე სასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები არიან. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა.
ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 79 პროცენტი პასუხობს, რომ მისაღებია, 11 პროცენტი – მიუღებელია.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძალისხმევას დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. კვლევაში აღნიშნულია, რომ, მცირედი ვარდნის მიუხედავად, ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია და ის 67 პროცენტია. ნატო-ს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში, ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა. უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. უმეტესობა მხარს უჭერს რუსეთთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.