NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, თავიანთ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიებიდან „ქართული ოცნება“ 19%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - 4%-მა
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, თავიანთ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიებიდან „ქართული ოცნება“ 19%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი - 4%-მა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კითხვა დაისვა, რომ საქართველოში მრავალი პოლიტიკური პარტია არსებობს და რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხად 47%-მა განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა. 13%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. 6%-მა არ იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხულთა 4%-მა დაასახელა, სხვა პარტიები ერთად კი – გამოკითხულთა 12%-მა.

კვლევაში წერია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. აქვე, კვლევის ავტორებისგან წერია, რომ კითხვა დაისვა თვითადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს „შემდეგი“ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს.

ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

„რწმენა, რომ მათ ინტერესებს ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს, შედარებით მაღალია დიდ ქალაქებში, 55+ ასაკობრივ ჯგუფსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში“,- აღნიშნულია NDI-ის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, უმცირესობათა დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობა უარს ამბობს, უპასუხოს პარტიების შესახებ კითხვას.

კვლევაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია. მეტი მოქალაქე ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები მათ ინტერესებს თანაბრად წარმოადგენენ.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.