NDI - გამოკითხულთა 80 პროცენტს რუსეთის მთავრობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 56 პროცენტი კი რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი
უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ, როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? მაქსიმუმ სამი პასუხი, ღია კითხვა: რუსეთი – 54%; ვლადიმერ პუტინი – 25%; ამერიკის შეერთებული შტატები – 15%; ნატო – 3%; ევროკავშირი – 2%; სხვა – 2%; არ ვიცი – 17%.
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. შეკითხვაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე შემოვიდა. თქვენი აზრით, რა სახის გავლენა შეიძლება, იქონიოს ამან საქართველოზე? პასუხები ამგვარია: დადებითი გავლენა – 17%; უარყოფითი გავლენა – 69%; არანაირი გავლენა – 6%; არ ვიცი – 8%.
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია. კითხვაზე, მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ხელისუფლების მიდგომა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით? მისაღებია – პასუხობს 29%; მიუღებელია – პასუხობს 57%; არ ვიცი – 13%;უარი პასუხზე – 1%.
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის: დეკემბრის კვლევის მიხედვით, პასუხები შემდეგნაირია: უნდა შემოიღოს – 69%; არ უნდა შემოიღოს – 21%; არ ვიცი – 10%. მაშინ როდესაც იმავე შეკითხვაზე, აგვისტოს კვლევის მონაცემები ასე გამოიყურებოდა: უნდა შემოიღოს – 66%; არ უნდა შემოიღოს – 23%; არ ვიცი – 11%.
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის მიმართ: დადებითი – 13%; უარყოფითი – 80%; არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 2%.
NDI-ის კვლევა ამბობს, რომ, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი. შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსი ხალხის მიმართ, პასუხები ამგვარია: დადებითი – 56%; უარყოფითი – 38% ;არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 1%.
გამოკითხული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის. შეკითხვაზე, – საერთო ჯამში, როგორი დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის მთავრობის/რუსი ხალხის მიმართ? – დადებითი რუსეთის მთავრობის მიმართ – 13%; დადებითი რუსი ხალხის მიმართ – 56%; უარყოფითი რუსეთის მთავრობის მიმართ – 80%; რუსი ხალხის მიმართ – 38%; არ ვიცი – 6%.
ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.