NDI - გამოკითხულთა 31 %-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, "ნაციონალური მოძრაობა" კი 10%-მა დაასახელა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება”.
გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. კითხვაზე უარით უპასუხა გამოკითხულთა 12%-მა.
გამოკითხულთა 10%-ისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 5%-მა. ინტერვიუერთა 4% აცხადებს, რომ ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან “ევროპული საქართველო” დგას. გამოკითხულთა 3% კი აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი”. სხვა პატიების შეხედულებები გამოკითხულთა 6%-ის შეხედულებებთან არის ახლოს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.