NDI - გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს
NDI გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს. შეკითხვაზე, – ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 30%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 29%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 25%; არ ვიცი -15%.
მაშინ როდესაც იმავე შეკითხვაზე გამოკითხულთა განწყობები ამგვარად განაწილდა აგვისტში: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 28%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 27%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 30%; არ ვიცი – 15%.
NDI-ის ჩატარებულ კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
შეკითხვაზე,- აქ მოყვანილი მოსაზრებებიდან რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 30%; საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 38%; საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 18%; არ ვიცი – 13%.
ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.