NBC - ტრამპის წინასარჩევნო კამპანიის მთავარი მენეჯერი ვირჯინიის ციხის VIP საკანში იმყოფება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასარჩევნო კამპანიის მთავარი მენეჯერი, პროფესიით იურისტი პოლ მანაფორტი ვირჯინიის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სადაც იგი ე.წ. VIP საკანში მოათავსეს. ინფორმაციას ამერიკული მედია NBC News ავრცელებს.
ე.წ. VIP საკანში მანაფორტს პატიმრის უნიფორმა არ აცვია, აქვს მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და ინტერნეტი, თუმცა შეზღუდული აქვს სოციალურ ქსელებზე წვდომა.
რამდენიმე დღის წინ პოლ მანაფორმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, არ მოხდეს მისი გადაყვანა ვაშინგტონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მანაფორტს ბრალად ედება ფულის გათეთრება, უცხოური ლობირება ფედერალური კანონის დარღვევით. კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრორუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობა და უცხოურ ბანკებში ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ამავდროულად, 8 ივნისს პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ მანაფორტს ბრალი ხელმეორედ წაუყენა. სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტების თანახმად, საქმე ამჯერად ეხება პოლ მანაფორტსა და მის უკრაინელ ბიზნესპარტნიორ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელიც მანაფორტის ოფისს კიევში ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტსა და კილიმნიკს ბრალი ედებათ აღნიშნული საქმის გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში.