ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლო უმაღლესი ინსტანციაა და ასეთი მაღალი დონის გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს წევრებმა მიიღეს ისე, როგორც თვითონ უნდოდათ
ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლო უმაღლესი ინსტანციაა და ასეთი მაღალი დონის გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს წევრებმა მიიღეს ისე, როგორც თვითონ უნდოდათ

უზენაესი სასამართლო უმაღლესი ინსტანციაა და ასეთი მაღალი დონის გადაწყვეტილება დღეს მიიღეს ისე, როგორც თვითონ უნდოდათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„გადაწყვეტილება პროცედურების გარეშე მიიღეს. არანაირი პროცესი არ ყოფილა, არც ცუდი და არც კარგი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე დღის წესრიგი წუხელ, გვიან ღამით აიტვირთა და დღეს საბჭოზე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურების სია გამოგვიცხადეს. გვარ-სახელები კომპიუტერშიც კი არ იყო აკრეფილი და ესეც სხდომის განმავლობაში მოამზადეს. ეს სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა მიიღეს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე თავიანთი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენდნენ.

„ერთ-ერთი ადამიანი არის ბატონი მიქაუტაძე, რომელიც კონკურსში იღებს მონაწილეობას თავისივე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც ჩანს, ახლა უკვე გადაწყვიტეს, იმოქმედონ ისევ კლანურად, თუ გუნდურად, როგორც ამას თვითონ უწოდებენ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კლანია და დღეს ეს დაამტკიცეს. მათ კიდევ ერთი მტკიცებულება დადეს იმის, რომ ნამდვილად კლანის წევრები არიან და ერთობლივად მოქმედებენ“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ​წევრმა აღნიშნა, გიორგი მიქაუტაძეს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდოდა დანიშვნა, კონკურსში ჯერ კიდევ მონაწილეობს, კანდიდატურა არ მოუხსნია და ამავდროულად, როგორც დღეს აღმოჩნდა, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატია.

„მან თავისი თავი დაასახელა. მითხარით, რომელ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, რომ მდივანი თავის თავს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ასახელებდეს?! ერთი მაგალითი დამისახელოს, სადაც ეს მომხდარა. ასეთი რამ არ ხდება, რადგან მას ისედაც მაღალი თანამდებობა უჭირავს, ისედაც მნიშვნელოვანი პოსტი აქვს და იდეაში, მწვერვალებისთვის აღარ უნდა ისწრაფოდეს, მაგრამ იგი ჯერჯერობით უვადოდ დანიშნული მოსამართლე არ არის და უნდა, პოზიციები გაიმყაროს. მას უნდა, სასამართლო სისტემაში კიდევ 25 წელი დარჩეს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, ნადარაიას, ჩინჩალაძისა და სხვებისნაირი მოსამართლეები არ სჭირდება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„ეს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც კანდიდატურები საბჭომ წარადგინა. კონსტიტუციაში ეს იმიტომ გაიწერა, რომ პოლიტიკურ პროცესს ჩამოშორდა, რაც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. ეს ნორმალურ ქვეყანაში რომ იყოს, ძალიან კარგი და იდეალური მოდელი იქნებოდა, რადგან სასამართლო სისტემა ძლიერდება და კანდიდატურას თვითონ წარადგენს, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას მიქაუტაძის, გვრიტიშვილისნაირები იღებენ და თავის თავს ასახელებენ, ეს უკვე ნორმალური არ არის და არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა მოდელი უნდა მივიღოთ, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.