ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემა იმართება სრულიად სხვა ადამიანების მიერ და ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით ეს დადასტურდა 
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემა იმართება სრულიად სხვა ადამიანების მიერ და ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით ეს დადასტურდა 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს უკავშირებს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმესაც უკავშირდებოდეს, რადგან ორივე გადაწყვეტილება დროში ემთხვევა.

„ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი განცხადება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებდა სამომავლოდ გარკვეული საქმიანობის განხორციელებას ნინო გვენეტაძესთან ერთად. ერთობლივად ჩვენ არაერთ საკითხზე ვიმსჯელებთ, ამიტომ მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს განცხადება. გადაწყვეტილებას ვუკავშირებ სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და სერიოზულ პრობლემებს, რადგან ნოემბერში გასულ წელს გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია არავის მხრიდან, მისთვის არავის უკითხავს, თუ რაში იყო საქმე”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, გასულ წელსაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.

„მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. იგი იყო თავმჯდომარე, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ რეალურად თავმჯდომარეს არ ჰქონდა არანაირი ბერკეტები და არც სათანადო პატივისცემა თავისი კოლეგების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებდა კლანი, ჯგუფი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას, რომელსაც მიხეილ ჩინჩალაძე ლიდერობს. რეალურად სასამართლო სისტემის თავმჯდომარე იყო მიხეილ ჩინჩალაძე. ფაქტია, რომ სასამართლო სისტემა იმართება სრულიად სხვა ადამიანების მიერ და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს დადასტურდა”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.  ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.