ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება არსებულ ვითარებაში აბსოლუტურად ლოგიკური მოთხოვნაა
ვფიქრობ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება აბსოლუტურად ლოგიკური მოთხოვნაა, იმ ვითარებაში, რომელიც ახლა გვაქვს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტის ცხრა დეპუტატმა მოამზადა.
ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი ინტერესების მიხედვით ნიშნავს მოსამართლეებს უვადოდ.
„კრიტიკას ვერ უძლებს ის პროცესი, რომელსაც საბჭო წარმართავს. მით უმეტეს ამ ვითარებაში, როდესაც უზენაესში მოინდომეს თავისი გავლენების გაფართოება. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, რომ დაახლოებით 50%-ზე მეტი მოსამართლეებისა, უპირველეს ყოვლისა ის კლანის წევრები, ვინც უკვე გამაგრებულები და გაძლიერებულები არიან სასამართლო სისტემაში, უკვე დანიშნულები არიან უვადოდ.
ამ ეტაპზე, არ ვაპირებ ამაზე ღიად საუბარს, რადგან დეტალურად ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს, თუმცა ამაზეც ღირს ფიქრი. გავლენიანი მოსამართლეების 50%-ზე მეტი არის უკვე დანიშნული, მათ შორის იმ საბჭოს მიერ, რომელსაც ყოველთვის აკრიტიკებენ საერთაშორისო, ადგილობრივი ორგანიზაციები, ასევე ექსპერტები. ევროკომისიამ ბოლო დროს პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნამ გააჩინა კითხვებიო. ასეთი რამ სხვა ანგარიშებში არ ჩაწერილა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე ყოფილიყო მითითება. ამიტომ, ამაზეც ღირს ფიქრი, რომ არ დაზარალდეს მოსამართლეთა ნაწილი. მურუსიძე უკვე უვადოა, ჩინჩალაძე პირველი უვადო მოსამართლეა, მიქაუტაძე დარჩა მარტო, მგონი, ვინც არ არის ჯერ უვადო“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.