ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან დაინტერესდა, არის თუ არა ეთიკური მოსამართლისთვის ღამის კლუბში სიარული
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილს დღევანდელ გასაუბრებაზე სხვა საკითხებთან ერთად კითხვები სამოსამართლეო ეთიკასთან დაკავშირებით დაუსვა.
ნაზი ჯანეზაშვილი მისგან დაინტერესდა, რა ეკრძალება მოსამართლეს ეთიკური ნორმების თანახმად.
ზურაბ აზნაურაშვილს კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ აკრძალვებს შორის შესაძლოა, იყოს საჯარო სივრცეში აქტიურობა.
„მახსოვს, რომ ნიუანსები არის მოსამართლის ეთიკის სტანდარტთან დაკავშირებით, რომელზეც გიპასუხებთ, რომ არ მგონია, რომელიმე იყოს ისეთი, რომელზეც ჩემი ქცევის შეცვლა დამჭირდეს. როგორც მახსოვს, ეს შეეხება საჯარო სივრცეში აქტივობას და რაღაც მსგავსს, როგორც ახსენეთ, მაგალითად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსამართლის შემთხვევა და მსგავსი ტიპის შეზღუდვები“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
ჯანეზაშვილი დაინტერესდა, შეზღუდვებს შორის არის თუ არა მაგალითად, მოსამართლის მიერ ღამის კლუბში სიარული.
„როგორც მახსოვს არა, პირდაპირ ღამის კლუბი ალბათ, ვერც ეწერება, მაგრამ რაღაც ასეთი აქტივობები არის, რომელიც მოსამართლისთვის შეუფერებელია. გააჩნია, ღამის კლუბის თუნდაც ფორმატს, მაგრამ შეიძლება, გარკვეული დისკომფორტი იყოს“, – უპასუხა ზურაბ აზნაურაშვილმა ნაზი ჯანეზაშვილს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.