ნაზი ჯანეზაშვილი - გამოცდილი მოსამართლეების ნაწილმა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ბარიერი ვერ გადალახა
ნაზი ჯანეზაშვილი - გამოცდილი მოსამართლეების ნაწილმა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ბარიერი ვერ გადალახა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნაზი ჯანეზაშვილს საეჭვოდ მიაჩნია, რომ გამოცდილი მოსამართლეების ნაწილი იმ 19-კაციან სიაში მოხვდა, რომლებმაც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ბარიერი ვერ გადალახეს.

მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ დაბალი კონკურენციის მისაღებად საბჭოს წევრებმა წინასწარ გათვალეს გარკვეული ქმედებები.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომ ძალიან ბევრმა კანდიდატმა, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი გამოცდილება მოსამართლედ მუშაობის, ვერ გადალახეს ბარიერი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმში. ეს 19 ადამიანი კენჭისყრაზე არ დაუშვეს. ვერ ვიტყვი, რომ ამ 19 ადამიანში ძალიან ცნობილი გვარებია, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროით მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში. ამიტომ ხშირად იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც არჩევანი ცოტა იყო. ძალიან შემცირდა კონკურენცია იმის ხარჯზე, რომ წინასწარ იყო ეს ყველაფერი გათვლილი, დაანგარიშებული. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ რეზერვში და საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყვნენ გამოთიშული სასამართლო სისტემას“, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამ დრომდე უცნობია იმ ადამიანთა სია, ვინც ვერ გადალახა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენურობის კრიტერიუმი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან 19-მა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა.