ნაზი ჯანეზაშვილი - ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკითხის პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება
ნაზი ჯანეზაშვილი - ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკითხის პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება

ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის მიერ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ​ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ თუკი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მასთან დაახლოებული საბჭოს მოსამართლე წევრები დატოვებენ თანამდებობებს, მზად არის, პარლამენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართოს.

„ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის მიერ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება და ვფიქრობ, პარლამენტისთვის გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობის განხორციელებისას ვხელმძღვანელობდი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და იმ პრინციპებით, რომელიც საჭიროა დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სასამართლო სისტემის შექმნისთვის.

ამიტომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე და საბჭოს მოსამართლე წევრები – ხაზს ვუსვამ, მხოლოდ მოსამართლის თანამდებობას ვგულისხმობ და არა საბჭოს წევრობას, იმავე დღეს დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, დღეს გამოსავალია, რომ სასამართლო სისტემიდან კლანი წავიდეს.

მისივე თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრები – ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე „კლანთან დაახლოებული პირები“ არიან.

„ცხადია, რომ ამ ორი ადამიანის ხმა მოსამართლე წევრებს აქვთ გარანტირებული მოსამართლეთა დანიშვნისას. ისინი მათ არასდროს ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, საბჭოს წევრია ლევან გზირიშვილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, ეკა ბესელიას რეკომენდაციით მოხვდა სისტემაში. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, თუ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები სისტემაში, რადგან ისინი აყენებენ ზიანს საბოლოო შედეგს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო თამარ ჩუგოშვილის ინიციატივაზე მსჯელობისას საბჭოს არამოსამართლე წევრებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს და არა კოლექტიურად.

ნაზი ჯანეზაშვილი მზად არის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს და ამ საკითხზე სასაუბროდ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეხვდეს.

იუსტიციის საბჭოში პარლამენტის კვოტით დანიშნული არიან: ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი და ლევან გზირიშვილი. რაც შეეხება ანა დოლიძეს, ის იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით დანიშნული არამოსამართლე წევრია.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.