ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში მოხვედრის სურვილი გამოთქვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს.
როგორც ჯანეზაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, წინასწარ საუბარი ძნელია, ასეთ შემთხვევაში თადუმაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მიქაუტაძესთან მოუწევს კონკურენცია, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაშია.
„ვერაფერს გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ ალბათ კონკურენციის გაწევა მოუწევს მიქაუტაძესთან, რომელიც უკვე გავლენიანი პირია სისტემაში”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილი შალვა თადუმაძეზე საუბრისას პოლიტიკურ გავლენებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევისას აუცილებელია, ისეთი კანდიდატის დამტკიცება, რომელიც ასეთი გავლენებისგან თავისუფალი იქნება.
„ბუნებრივია, სასამართლო პოლიტიკური გავლენებისაგან შორს უნდა იყოს. პერსონალურად შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არჩევანი ისეთ ადამიანებზე უნდა გავაკეთოთ, რომლებიც გარანტიას მოგვცემენ, რომ პოლიტიკური კომპონენტი არ იქნება შემოსული ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე”, – აცხადებს ჯანეზაშვილი.
რაც შეეხება ზოგადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიას, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, სია მრავალფეროვანია და იძლევა კონკურენციის საშუალებას.
„სია არია ძალიან საინტერესო, იმ თვალსაზრისით, რომ იმ ათკაციანი სიიდან, რომელიც უზენაეს სასამართლოს თავის დროზე წარედგინა რეალურად, უმრავლესობა კვლავ წარმოდგენილია გვრიტიშვილისა და ჩინჩალაძის გარდა. როგორც ჩანს, ჩინჩალაძე მაინც ყველაზე ოდიოზური პერსონაა და უკვე იძულებულები გახდნენ, არ შეეყვანათ ამ სიაში. გვრიტიშვილიც მსგავსი მიდგომის შედეგია. რაც შეეხება დანარჩენებს, ბევრი ღირსეული ადამიანია ამ სიაში”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა.