ნატო-ს შტაბბინაში ხელი მოეწერება მაკედონიის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს. ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ ნატო-ს წევრი 29 სახელმწიფოს სპეციალური წარმომადგენლები.
ღონისძიებას მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი დაესწრება. პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნიკოლა დიმიტროვი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
„6 თებერვალს ჩვენ დავწერთ ისტორიას. ნატო-ს მოკავშირეები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი დიმიტროვთან ერთად, ხელს მოაწერენ ოქმს მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანებაზე“, – დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა „ტვიტერზე“.
მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც სკოპიე ქვეყნის სახელწოდების შეცვლას დათანხმდა. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის საერთაშორისო სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია იქნება.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატო-ს რიგით 30-ე წევრი სახელმწიფო იქნება. მაკედონია ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად ნატო-ს სამიტზე 2018 წლის ივლისში მიიწვიეს და ამის შესახებ დეკლარაციაში ჩანაწერი გაკეთდა, რაზეც ორგანიზაციის 29 წევრი შეთანხმდა.
„ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნატო მოიწვევს იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას ალიანსის წევრად მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასახელებასთან დაკავშირებით გაერო-ს ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღწეული. ჩვენ მივესალმებით ქვეყნის დასახელებასთან დაკავშირებით ათენსა და სკოპიეს შორის ისტორიულ შეთანხმებას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად. გასულ წელს მონტენეგროს გაწევრიანება და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის დღევანდელი მიწვევა ამ ვალდებულების ხელშესახები დემონსტრირებაა”, – ჩაიწერა ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.