ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებად არ აფასებენ
ნატო-ში განაცხადეს, რომ რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებად არ აფასებენ. ამის შესახებ საუბარია ნატო-ს პერსსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩრდილო ატალანტიკურ ალიანსში განმარტავენ, რომ კვლავაც მკაფიოდ ხედავენ იმ გამოწვევებს, რასაც რუსეთი წარმოადგენს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები კვლავაც აპირებენ „წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ემუქრება“.
ამასთან, ნატო-ში მიესალმებიან სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმების ვადის ხუთი წლით გახანგრლივებას. ალიანსში აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება „ხელს უწყობს საერთაშორისო სტაბილურობას“.
შეგახსენებთ, აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ნოტები ოფიციალურად 3 თებერვალს, მისი ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე გაცვალეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ვაშინგტონში მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაცია ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მისი ხელმოწერის დღიდან ასრულებდა“.
სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და აშშ-მა ხელი 2010 წელს მოაწერეს და ძალაში 2011 წელის 5 თებერვალს შევიდა. ის ითვალისწინებს ბირთვული ქობინების 1550-მდე ხოლო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისა და ბომბდამშენების 700 ერთეულამდე შემცირებას. ასევე გამშვები დანადგარების რაოდენობის 800 ერთეულამდე დაყვანას. აშშ-ის წინა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს ამ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა.