ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ხოლო ნატო-ს მხრიდან გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის (JFTC) მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ადამ იოკსიმ. ხელმოწერის ცერემონიალი, პანდემიის გამო დისტანციურად – საქართველოსა და პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშში გაიმართა.

„დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც ნატო-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას. პარტნიორობის შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და მრავალეროვნული ბრიგადისა და შენაერთების დონის სიმულაციურ სწავლებებზეა ფოკუსირებული. JFTC-თან პარტნიორობა შესაძლებელს გახდის საქართველოში ნატო-სთან აფილირებული, წვრთნებისა და შეფასების ცენტრის არსებობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით და განახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატო-ს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას.

აღნიშნული შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი ნატო-ს არსებობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) ხელმძღვანელობით JTEC-ში შეიქმნა 5 პოზიცია, რომელიც მუდმივად დაკომპლექტებული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ნატო-სთან თავსებადობას. JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წამმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად.​მენტორული ურთიერთობების ფარგლებში, ნატო-ს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს საქართველოში ჩატარდა NATO-Georgia Exercise 2019. სწავლების ფარგლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა, რაც JTEC-ისა და JFTC-ის თანამშრომლობის ახალ, პარტნიორობის ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.