დავით ზალკალიანი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ლონდონში, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ეგიდით, დღეს ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, ქრისტოფერ პინჩერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა.

მინისტრთა შეხვედრას წინ უძღოდა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების ღრმა და ყოვლისმომცველ ხასიათს. იგი ქმნის საფუძველს სამომავლოდ საგარეო, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფართო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის. ასევე შეთანხმება უზრუნველყოფს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს მიერ ერთმანეთის ბაზრებზე ყოვლისმომცველ წვდომას და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

„შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ისტორიის, მჭიდრო და დინამიური ორმხრივი კავშირების, ასევე საერთაშორისო საკითხებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, მათ შორის, ნატო-ს წევრობის კუთხით. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასა და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

გაერთიანებულმა სამეფომ, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების მტკიცე პოლიტიკის განხორციელების მიმართ პრინციპული მხარდაჭერა. ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, ასევე კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რისი დადასტურებაც არის მიმდინარე წლის შემოდგომაზე, გაერთიანებული სამეფოს სეზონის გამართვა საქართველოში. სეზონი ასახავს თანამედროვე, მრავალფეროვანი და გლობალური ბრიტანეთის საუკეთესო მიღწევებს, მათ შორის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ბიზნესის სფეროში. ორივე მხარე მიესალმა 2020 წელს, გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს სეზონის გამართვას

მინისტრთა შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგისა და მისი განგრძობადობის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემდგომ განვითარებას ემსახურება. მინისტრები უორდროპის დიალოგის მე-6 რაუნდის 2020 წელს, ლონდონში გამართვას მიესალმნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და  გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა დღეს ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.