ნატო-ს შტაბბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა

ნატო-ს შტაბბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი ოფიციალურად 7 მარტს გახდა. ბრიუსელში გამართულ ცერემონიალს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და შვედეთის პრემიერი-მინისტრი ულფ კრისტერსონი ესწრებოდნენ.

როგორც თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო დღეს უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე ორი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო.

„პრეზიდენტმა პუტინმა ორი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა როცა წამოიწყო, მას სურდა ნაკლები ნატო და მეტი კონტროლი თავის მეზობლებზე. მას სურდა უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ნატო უფრო დიდი და ძლიერია, ხოლო უკრაინა ნატო-ს წევრობასთან იმაზე მეტადაა ახლოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მაშინ, როდესაც მამაცი უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულება რუსეთს შეუძლია და არა – უკრაინას.

„პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო ეს ომი და მას შეუძლია მისი დასრულება. უკრაინას ეს შესაძლებლობა არ აქვს. დანებება არ არის მშვიდობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გაძლიერება, რათა ვაჩვენოთ პრეზიდენტ პუტინს, რომ ის ბრძოლის ველზე სასურველ შედეგს ვერ მიიღებს და დაჯდეს მოსალაპარაკებლად იმგვარ გამოსავალზე, როდესაც უკრაინა აღიარებულია და დარჩება სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, თავის გამოსვლაში შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება საფრთხედ ევროატლანტიკური სივრცისთვის.

„უსაფრთხოების კუთხით ჩვენს რეგიონში ასეთი სერიოზული ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთი უახლოეს მომავალში დარჩება საფრთხედ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამის გამო შეიტანა განაცხადი შვედეთმა ნატო-ში გასაწევრიანებლად, რათა მოიპოვოს უსაფრთხოება და ასევე საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ მინისტრმა.