ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მომუშავე ალიანსის ერთ თანამშრომელს COVID-19-ის ტესტზე პოზიტიური შედეგი აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ინფიცირებული ბრიუსელში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა, სადაც შვებულებას ატარებდა. მან გასულ კვირაში თავი შეუძლოდ იგრძნო. ინფიცირებულის თანამშრომლები შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, გასული კვირიდან მუშაობას სახლიდან განაგრძობენ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, ნატო-მ შტაბბინაში პრევენციული ზომები გაატარა. კეძოდ, დროებით შეწყდა მივლინებები; თანამშრომლებს სახლებიდან მუშაობის ნება დართეს; შტაბბინაში კი, ვიზიტორების მიღება დროებით შეჩერდა.