ნატო-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა.
სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. შეხვედრაზე მომხსენებლები, ასევე, იყვნენ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
„სხდომის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე.
ქართულმა მხარემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და მიღწეულ პროგრესზე“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხდომის დასრულების შემდეგ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ხაზს უსვამს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კომიტეტის წევრები „კრწანისშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ.