ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - ნატო-სა და საქართველოს პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა საქართველოში შემაჯამებელი განცხადებებით დასრულდა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სესიაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.
როგორც ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„გუშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე შესაძლებლობა მქონდა, ხაზგასმით აღმენიშნა, რომ ნატო-სა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, – აღნიშნა ადმირალმა, რობ ბაუერმა.
გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა საქართველოსა და ნატო-ს შორის განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნატოსთან თავსებადობისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებას. ამ მხრივ გამორჩეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს პრაქტიკულ მექანიზმს და მოიცავს ნატოს სტანდარტების შესაბამისი კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.