ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა უკრაინას ნებართვას, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი აცხადებს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ თავად უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა უკრაინას ნებართვას, მის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ადმირალმა რობ ბაუერმა პრაღაში ჩეხეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანატ კარელ რეჰკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბაუერმა ასევე აღნიშნა, რომ „ქვეყნებმა თუ გადასცეს უკრაინას შეიარაღების სისტემები, მათი უფლებაა, დააწესონ გარკვეული შეზღუდვები მათ გამოყენებაზე, რადგან ისინი ამ შეიარაღებაზე პასუხისმგებლობას გრძნობენ“.
„შეიარაღებული კონფლიქტის სამართლის თანახმად, ყველა ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან, აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი და ეს უფლება არ მთავრდება საკუთარი ქვეყნის საზღვარზე. შეიარაღებული კონფლიქტის სამართლის შესაბამისად, ნებადართულია, თავს დაესხა ქვეყანას, რომელიც გესxმის შენ და ეს, ჩვეულებრივ, სამხედრო მიზნით კეთდება, რომ შეასუსტო მტრის თავდასხმები, რათა ებრძოლო არა შენკენ მომავალ ისრებს, არამედ ასევე თავს დაესხა მშვილდოსანს. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ამის გაკეთების კარგი მიზეზი არსებობს, მტრის შესასუსტებლად, მისი ლოგისტიკური ხაზების, საწვავის, აღჭურვილობის შესასუსტებლად. არსებობს სამართლებრივი უფლება ამის გასაკეთებლად. ეს არის საკითხის ერთი მხარე. დისკუსიის მეორე მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნები თუ უკრაინას შეიარაღებულ სისტემებს აწვდიან, მათი უფლებაა, დააწესონ გარკვეული შეზღუდვები ამ იარაღის გამოყენებაზე, რადგან ისინი ამ იარაღზე პასუხისმგებლობას გრძნობენ. ეს არის პოლიტიკური დისკუსია, სადაც ზოგიერთ ქვეყანას განსხვავებული მოსაზრება აქვს. თუმცა, თუ მე, სამხედრო პირს მკითხავთ, შესაძლებელია თუ არა ეს? ჩემი პასუხია – დიახ“, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარსარდალმა, გენერალმა კარელ რეჰკამ განაცხადა, რომ ჩეხეთი არ დააწესებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე რაიმე შეზღუდვებს.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ადმირალ ბაუერს. ვფიქრობ, სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია, რომ უკრაინელებმა დარტყმები განახორციელონ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, იმ პირობით, რომ ეს შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და შეიარაღებული კონფლიქტის სამართალს. ჩეხეთის გადაწყვეტილებაა, რა იარაღიც არ უნდა მივაწოდოთ უკრაინელებს, ჩვენ არ ვაწესებთ შეზღუდვებს. მიგვაჩნია, რომ უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ ის“, – განაცხადა ჩეხმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.