ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოსა და უკრაინის გენშტაბის მეთაურებიც დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს სამომავლო გამოწვევებთან ადაპტაციის ინიციატივას – „ნატო 2030“-ს განიხილავენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარე სტიუარტ პიჩმა განაცხადა, ნატო-ს ადაპტაცია აუცილებელია, რადგან ალიანსის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. მათ შორის სტიუარტმა დაასახელა რუსეთი.

„აგრესიული და გაძლიერებული ავტორიტარული ძალები, არასახელისუფლებო აქტორები და ტერორისტები გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო ნორმებს. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქცევას. მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედროების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე, რაც ახლაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ რუსეთის მხრიდან სამხედროების რიცხვის ნაწილობრივი შემცირება, ათობით ათასი ჯარისკაცი და მათი აღჭურვილობა უკრაინის საზღვრებთან კვლავ რჩება. რუსეთი ცდილობს, დააწესოს შეზღუდვები შავ ზღვაში. მათ შორის ცდილობს ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვასთან წვდომის შეზღუდვას. ამიტომ, ნატომ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და წვდომა ყველა რელევანტურ ზღვასა და საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამასთან ერთად, სტიუარტ პიჩის თქმით, ნატო ღიას ტოვებს საკომუნიკაციო არხებს რუსეთთან, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში. დღესვე ალიანსში მწუხარება გამოთქვეს, რომ რუსეთმა უარი თქვა ნატო-ს ინიციატივაზე, გაიმართოს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა.

„ჩვენ მივისწრაფვით რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ, როდესაც ამის საშუალებას მოგვცემს რუსეთის ქცევა“, – განაცხადა სტიურატ პიჩმა.