ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს შეხვდა
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს შეხვდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ალექსანდრე ვინიკოვთან შეხვედრაზე დააყენეს საკითხი, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის განხილული იყოს ინტეგრაციის უფრო მეტი შესაძლებლობები.
„ახლოვდება მადრიდის სამიტი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მადრიდის სამიტზე განხილული იყოს ინტეგრაციის კიდევ მეტი შესაძლებლობები საქართველოსთვის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ითხოვს დამატებით თავდაცვისუნარიანობას და შეიარაღებას ჩვენი ქვეყნისთვის. დავაყენეთ საკითხი, რომ ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს, მაგრამ ყველაფერი ეს უნდა მოხდეს იმის შესაბამისად, რომ საქართველოში უნდა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები, რასაც ჩვენ ნატო გვთხოვს და რასაც ჩვენგან ითხოვს ევროკავშირი. ნატო-ში ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია. თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება, „გაყიდოს“ ასეთი შინაარსი, რომ ნატო ან ევროკავშირი არ იღებს საქართველოს, ეს იქნება ტყუილი. ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალი ყველა გზა ჩვენს ხელთაა. თუ სასამართლო არის კლანური, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ, ვერც ნატო, ვერც ევროკავშირი ამ პირობებში ვერ მიგვიღებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, პირდაპირი გზავნილი, რაც მათ შორის ნატო-ს წარმომადგენლებისგან საჯაროდ გაჟღერდა, არის ის, რომ საქართველომ რეფორმების ჩემპიონის სტატუსი დაკარგა.
„ახლა ვკითხულობ, ამ პირობებში როგორ უნდა დავუახლოვდეთ ნატო-ს და ევროკავშირს. ეს ჩვენი საშინაო დავალებაა, რაც გასაკეთებელი გვაქვს და ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.
თავის მხრივ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრები არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან მოისმინოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების თაობაზე, ასევე, როგორ ხედავენ ისინი უსაფრთხოებას რეგიონში, როგორ ხედავენ უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ და როგორ აღიქვამენ საქართველოსა და ნატო-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობას.
„საქართველო რჩება ნატო-ს მთავარ პარტნიორად და ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ამ ახალ კონტექსტში. ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერით და საქართველოს აქვს ძალიან ფართო სპექტრი ნატო-ს პროგრამებისა, რათა უზრუნველყოს რეფორმების დღის წესრიგი, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თავდაცვის სექტორში უსაფრთხოების შემდგომი ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მიმართულებით დემოკრატიული საპარლამენტო ზედამხედველობით, მაგრამ ასევე სხვა სფეროებში, რომლებსაც მოკავშირეები მიჰყვებიან, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.