ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს
ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PFP) ფარგლებში დაბა ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ინსტრუქტორები ნატო-ს წევრი და არაწევრი რვა ქვეყნის 33 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევებში წვრთნიან.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად აშშ-დან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილ ჯარისკაცებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ასწავლიან. კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც ახორციელებენ.
სამთო მომზადების კურსი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და დასრულების შემდგომ კურსანტებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.