ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე შეხვედრას გამართავენ. ბრიუსელში შეკრებილი დიპლომატები ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერის გაგრძელებაზე და იმ რეფორმების ხელშეწყობაზე იმსჯელებენ, რომლებიც ასპირანტ ქვეყნებს მომავალი წევრობისთვის მოამზადებს. იმ დროს, როდესაც ორგანიზაცია მომავალი სამიტისთვის ემზადება და ნატო-ს ასპირანტი პარტნიორები შემდგომი ინტეგრაციის მოლოდინში არიან, ალიანსში ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, იმედის მომცემია და ასპირანტებისთვის სტიმულს წარმოადგენს. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასპირანტებს სურთ, თანამშრომლობის კონკრეტული შედეგი იხილონ.
„ფაქტი, რომ მინისტერიალზე მსჯელობა დაეთმობა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, მიუთითებს, რომ ნატო საკუთარი პოლიტიკის ერთგულია და ეს პოლიტიკა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრის დროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მინისტერიალის დაწყებამდე ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, მონტენეგროს გაწევრიანებამ აჩვენა, რომ ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელია მათთვის, ვინც რეალურ პროგრესს და მოდერნიზაციას აღწევს.
„ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ასპირანტებს, რომლებსაც საერთო ღირებულების და უსაფრთხოების საზოგადოებაში გაერთიანება სურთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მინისტერიალის პირველ დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან თანამშრომლობას „გამორჩეული“ უწოდა.
ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობას სამი ასპირანტი ქვეყანა ელოდება – საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მაკედონია. საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე დაპირება მიიღო, რომ საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ნატო-ს წევრი გახდება. ის რაც ბუქარესტში ითქვა, გაიმეორეს ყველა სამიტზე.
2011 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. მაკედონიას და ბოსნია- ჰერცოგოვინას აქვთ წევრობის სამოქმედო გეგმა.
ნატოს-ს „ღია კარის პოლიტიკა“ ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს ემყარება. ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც მზადაა, რომ წევრობისთვის საჭირო მოთხოვნები შეასრულოს და ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს. ნატო-ს გაფართოება ევროპის უსაფრთხოებას აძლიერებს და ალიანსის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი წევრის მოწვევას და ორგანიზაციაში მიღებას უკავშირდება, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საბჭოს სხდომებს ნატოს-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.
ნატო-ს გენერალურ მდივანი და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ პროცესზე და გადაწყვეტილების მიღებაზე არაწევრი ქვეყანა ირიბ ვეტოს ვერ გამოიყენებს. ნატო-ს გაფართოების მიზანი სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაშია. 1949 წლიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12დან (ბელგია, კანადა, დანია,საფრანგეთი, ისლანდია,იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) 29 ქვეყანამდე გაიზარდა. გაფართოების პირველი სამი ტალღა ცივი ომის დროს მოხდა. 1952 წელს ორგანიზაციამ საბერძნეთი და თურქეთი მიიღო, 1955 წელს დასავლეთ გერმანია და 1982 წელს ესპანეთი. 1997 წელს ნატო-ს მოწვევა მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთი და პოლონეთი 1999 წელს შეურთდნენ ალიანსს. 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP -Membership Action Plan) შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს წევრობისთვის მზადებაში ეხმარება. ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი,სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიწვიეს. ეს ქვეყნები ნატო-ში 2004 წელს გაწევრიანდნენ. შვიდივე ქვეყანას ჰქონდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ალბანეთი და ხორვატია ალიანსში 2008 წლის აპრილში მიიწვიეს და ორგანიზაციის წევრები 2009 წლის პირველ აპრილს გახდნენ. 2015 წლის ბრიუსელის მინისტერიალზე, ოფიციალური მოწვევა მიიღო მონტენეგრომ და ორგანიზაციას 2017 წლის 5 ივნისს შეუერთდა. მონტენეგრო NATO-ს 29 წევრი გახდა.