ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „Air Defender 23“ დღეიდან იწყება
დღეს ნატო-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები „Air Defender 23“ იწყება. მასში მსოფლიოს 25 ქვეყანა და 10 000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას. წვრთნების მასპინძელი და ერთგვარი ლოგისტიკური ჰაბი გერმანია იქნება, რომლის ექვს საჰაერო ბაზაზე 250-მდე თვითმფრინავი განლაგდება. აქედან 100-ს აშშ გზავნის.
საჰაერო წვრთნების ფარგლებში ჩრდილოეთ გერმანიისა და ჩრდილოეთ ზღვის საჰაერო სივრცეში მონაწილეები კრიზისულ ვითარებაში მანევრებს დაამუშავებენ. როგორც ცნობილია, ამის გამო სამი საჰაერო ზონა სამოქალაქო რეისებისთვის ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში დროებით დაიხურება.
სახმელეთო წვრთნების ფარგლებში სამხედროები დაამუშავებენ აეროდრომიდან ევაკუაციას, რაც 2021 წელს ქაბულის აეროპორტში შექმნილი ქაოსის შედეგად დადგა დღის წესრიგში, როდესაც ქვეყანა აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დატოვეს. ასევე, დამუშავდება სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერა. სწავლებაში ჩაერთვება სამხედრო ალიანსის თანამედროვე ავიაგამანადგურებლები.
საზღვაო წვრთნებს რაც შეეხება, ჩრდილოეთის ზღვაში ჩატარდება წვრთნები მტრის წყალქვეშა ხომალდებისა და გემების წინააღმდეგ. ნატო-ს სამხედრო წვრთნები 12-დან 23 ივნისამდე გაგრძელდება.