ნატო-ს კომუნიკე - ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, ვრჩებით ერთგულები იმ ქვეყნების ინტეგრაციისა, რომლებიც მიისწრაფიან ალიანსში გაწევრიანებისკენ და ვაფასებთ მათ საკუთარი დამსახურებებით
ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს 66-ე მუხლშია ნათქვამი.
„ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც გაწერილია ვაშინგტონის შეთანხმების მეათე პუნქტში, რაც ისტორიულად წარმატებული იყო. გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება არის კიდევ ერთი მაგალითი ამ ვალდებულებისა. გაფართოების რამდენიმე რაუნდმა განამტკიცა ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოება და ხელი შეუწყო კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გავრცელებასა და კონსოლიდაციას ევროპის კონტინენტზე. ნატო პატივისცემით ეკიდება ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, როგორც ეს არის ჩაწერილი 1990 წლის პარიზის ქარტიაში. ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, აიღონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელთაც ძალუძთ წესდების პრინციპების წინ წაწევა და რომელთა მიღებასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.
ამასთან, როგორც ტექსტშია აღნიშნული, გაფართოების გადაწყვეტილება ნატო-ს მისაღებია, მესამე მხარეს ამ პროცესში სიტყვა არ ეთქმის.
„ჩვენ ვრჩებით ერთგულები იმ ქვეყნების ინტეგრაციისა, რომლებიც მიისწრაფიან ალიანსში გაწევრიანებისკენ და ვაფასებთ მათ საკუთარი დამსახურებებით. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გააგრძელონ საჭირო რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გატარება, რაც საჭიროა წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მათი ძალისხმევის მხარდაჭერას და თვალს მივადევნებთ მათ მიერ საკუთარი მისწრაფებების წინ წასაწევად საჭირო ნაბიჯების გადადგმას“, – ნათქვამია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში.
ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში ასევე გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დოკუმენტში დაფიქსირებულია ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი. „მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარედან ჩარევის გარეშე“, – ნათქვამია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში.