Emerging Europe სტატიას აქვეყნებს - ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მოემზადოს წევრობისთვის
Emerging Europe სტატიას აქვეყნებს - ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მოემზადოს წევრობისთვის

ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, „მოემზადოს წევრობისთვის“, – ამ სათაურით Emerging Europe სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ქრეიგ ტურპ-ბალასი წერს, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, „სრულად გამოიყენოს“ ნატო-სთან დაახლოების ყველა შესაძლებლობა და „მოემზადოს წევრობისთვის“.

„ბრიუსელში ვიზიტის დროს, გახარიას ასევე შეახსენეს, რომ ნატო-ს იმედი აქვს, საქართველო მომავალი თვის არჩევნებზე უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილოს. „ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატო-სთვის“, – თქვა სტოლტენბერგმა“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას და შეაფასა ქვეყნის პროგრესი რეფორმის განხორციელების მხრივ, რომელიც მიზნად ისახავს „დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურებისა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებას”.

„სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ პროგრესს მიაღწია როგორც შეიარაღებული ძალების მოდერნიზების, ისე დემოკრატიის განმტკიცების მხრივ. სტოლტენბერგს სურდა, კიდევ ერთხელ გამოეხატა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. ქვეყნის მეხუთედი რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ“, – წერს ავტორი.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები“, – ამბობს სტოლტენბერგი.

სტატიის მიხედვით, გახარიამ ნატო-ს ხელმძღვანელს განუცხადა, რომ საქართველო მზადაა, „მოირგოს ახალი როლი“ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„ბრიუსელში ყოფნისას, გიორგი გახარია ასევე შეხვდა ევროკომისარს მეზობლობისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარეჰეის და ხელი მოაწერა 129 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას, რაც დაეხმარება საქართველოს გაუმკლავდეს Covid-19-ის გავრცელებასა და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ორივე შეთანხმება არის ევროკავშირის რეაგირების ნაწილი Covid-19-ზე Team Europe ინიციატივით“, – ნათქვამია სტატიაში.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას Covid-19 პანდემიის ფონზე. ჩვენ კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესზე”, – განაცხადა ვარჰეიმ.

სტატიის ავტორის თქმით, კრიზისის დასაწყისიდან ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც მობილიზებულია საქართველოსთვის, მოიცავს სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების დახმარებას პანდემიასთან და მის გავლენასთან გამკლავებაში.

„დახმარების ღონისძიებები მოიცავს სამედიცინო საშუალებებს, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ დახმარებას, სესხებსა და გრანტებს ბიზნესისა და ფერმერებისთვის ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. დღეს გაფორმებული დაფინანსების ორი შეთანხმება ევროკავშირის Covid-19 მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია საქართველოსთვის და გააძლიერებს დახმარებას ორი ძირითად მიმართულებით: გადაუდებელი დახმარება და ეკონომიკური განვითარება დედაქალაქ თბილისის გარეთ. 75 მილიონი ევროს გრანტის საშუალებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყნის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დახმარება პანდემიის გავლენასთან გამკლავებაში. ღონისძიებები მოიცავს სოციალურ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბიზნესის მხარდაჭერას, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები რთულ პერიოდში. იგი ასევე ითვალისწინებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობის გაზრდას, ინფექციის გავრცელების პოტენციური ზრდისთვის მოსამზადებლად. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ გეგმას 54 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებით, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას დედაქალაქის გარეთ. იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ეკონომიკური განვითარებით, პროგრამა ფოკუსირდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქმედებებზე, როგორიცაა ურბანული ზონების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ან მშენებლობა, ტურიზმის განვითარების წახალისება და მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა და ინოვაციები. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს დეცენტრალიზაციის მხარდასაჭერად და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში“,- წერს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ კრიზისის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ჯანდაცვის წარმომადგენლების აღიარებაც დაიმსახურა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მკაცრი შეზღუდვებისა და ყოველდღიურად ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა: გუშინ დაფიქსირდა 298 ახალი შემთხვევა – დღემდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანამ გადადო სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა, ახლა კი ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზების დამატებითი გამოწვევის წინაშე დგას. არჩევნებზე მოქალაქეები შეაფასებენ საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობას.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ჯანსაღ ლიდერობას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში და, სავარაუდოდ, ადვილად მოიპოვებს სრულ უმრავლესობას. პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 5,5 პროცენტით შემცირდება, ძირითადად, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემცირების შედეგად, მოგზაურობაზე კორონავირუსის შეზღუდვების გამო“, – წერია სტატიაში.