ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ვითარება გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში პირველი ვიზიტით ყოფნისას მასპინძლობისთვის. დღის მანძილზე გვექნება ბევრი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. თუმცა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან მოვისმინე. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლსა და აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში, ასევე იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც აღნიშნული ადმინისტრაციული საზღვრით ერთმანეთს არიან დაშორებული. ნატო-სთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას.

აქვე მინდა, აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებენ. ჩვენ მას ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ. დაბოლოს, აუცილებელია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევას და საერთაშორისო მოლაპარაკებებს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჟენევის მოლაპარაკებები, რომელთა მორიგი რაუნდი ახლახანს გაიმართა. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი და მხარი დავუჭიროთ მათ“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.