ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ნატო-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ნატო-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა

ნატო-ს არ სურს, შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა, – აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უკრაინული მედიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობების ჩართვა სიტუაციას ვერ მოაგვარებს. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს გამწვავებას“, – განაცხადა ჯოანამ ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზების განბლოკვის ვარიანტების შესახებ.

ჯოანმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ცდილობენ, იპოვონ გადაწყვეტის სხვა ვარიანტები. მისი თქმით, მათგან პირველი არის სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ევროკავშირის ქვეყნების პორტებამდე მიტანა და ეს მარშრუტი, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, უკვე იძლევა ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ნაწილის გატანის შესაძლებლობას.

„მეორე ვარიანტი, რომელიც მართლაც ძალიან რთულია, არის შავი ზღვის გასწვრივ უსაფრთხო დერეფნების ორგანიზება. რუსეთი იქნება მათი თანაორგანიზატორი, რადგან რუსეთი მოთამაშეა ამ სცენაზე“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ამასთან, ჯოანამ დადებითად შეაფასა თურქეთის შუამავლობის მცდელობა, რომელიც თავად ნატო-ს წევრია და ასევე გაერო-ს მონაწილეობა.