ნატო-ს დროშით მცურავი შენაერთისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შესასვლელი და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემა მარტივდება
ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შესასვლელი და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მარტივდება.
შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.
დღეს მოქმედი კანონით, უცხო სახელმწიფოს სამხედრო ხომალდი საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით, შუამდგომლობას აღძრავს სახელმწიფო (რომლის დროშის ქვეშაც ცურავს) ან ნატო-ს საზღვაო ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს ერთი თვის. კანონპროექტით კი განისაზღვრება, რომ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებსა შემოსასვლელად და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი დარეგულირებული იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილებები შედის „საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში, სადაც დათქმა კეთდება, რომ წინასწარი ნებართვის მოთხოვნისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა არ გავრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გაწერილ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის განსხვავებულ პირობებზე.
„ნატო-ს დღის წესრიგში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად ვითარდება და ამ მიმართულებით სანაპირო დაცვას მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული. შავ ზღვაზე ნატო-ს შენაერთის ვიზიტები ალიანსის სიმტკიცისა და სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენენ და ამავდროულად, საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი აქტივობებით ხელს უწყობენ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატო-ს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას”, – ნათქვამია კანონპროექტში.