ნატო-ს დეკლარაცია - ჩვენ ერთგული ვართ ღია კარის პოლიტიკის, რომელიც აძლიერებს ალიანსს და მილიონობით ევროპელისთვის უსაფრთხოება მოაქვს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ლონდონის შეხვედრის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს. კომინიკეში აღნიშნულია, რომ ნატო ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურ კავშირს კიდევ ერთხელ ადასტურებს, კვლავ რჩება კოლექტიური თავდაცვის მთავარ საფუძვლად.
დეკლარაციაში ნატო მთავარ საფრთხედ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმს, უკონტროლო მიგრაციას, კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს განიხილავს.
დეკლარაციის თანახმად, ნატო-ს წევრები თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს ზრდიან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხარჯები კანადისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან.
„ნატო თავდაცვითი ალიანსია და არც ერთ ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის. უსაფრთხოების 360-გრადუსიანი მიდგომის შესაბამისად, ალიანსის მასშტაბით ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების, სტრატეგიისა და გეგმების ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებიდან, ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი გზით მივუდგებით რუსეთის მიერ ახალი, საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტების განთავსებას, რომელმაც „ბირთვული ძალების შეთანხმების“ ხელშეკრულების დაშლა გამოიწვია და, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან რისკებს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
ვააქტიურებთ ქმედებებს ზღვაზე და ჰაერში ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ვიდრე არსებობს ბირთვული იარაღი, ნატო დარჩება ბირთვულ ალიანსად. ალიანსი მოწოდებულია, სრულად შეასრულოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება და ყველა მისი ასპექტი, მათ შორის ბირთვული განიარაღება, გაუვრცელებლობა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება. ჩვენ კვლავ ღია ვართ რუსეთთან დიალოგისთვის და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შესაძლებელს ხდის“, – აღნიშნულია კომუნიკეში.
ნატო-ს დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა გააძლიერა პარტნიორობა სამეზობლოში, სურს გრძელვადიანი სტაბილურობა ავღანეთში, ზრდის თანამშრომლობას გაერო-სთან და უპრეცედენტო პროგრესი აქვს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობას.
„ჩვენ ერთგული ვართ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, რომელიც აძლიერებს ალიანსს და მილიონობით ევროპელს უსაფრთხოება მოუტანა. აქ არის ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც მალე იქნება ჩვენი ყველაზე ახალი მოკავშირე“, – აღნიშნულია ნატო-ს კომუნიკეში.
ნატო-ს ლონდონის დეკლარაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოპერატიულ დომენად კოსმოსი გამოაცხადა და აღიარებს მის მნიშვნელობას უსაფრთხოების შესანარჩუნებალად, უსაფრთხოების გამოწვევების გადასაჭრელად საერთაშორისო სამართლის დაცვით.
„ჩვენ ვაძლიერებთ ინსტრუმენტებს, რომ ვუპასუხოთ კიბერ თავდასხმებს და, ასევე, ვაძლიერებთ ჩვენ შესაძლებლობებს, რომ მოვემზადოთ ჰიბრიდული ტაქტიკების შესაკავებლად, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს უსაფრთხოებას და საზოგადოებას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა და საერთაშორისო პოლიტიკები წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს, რომლებსაც ერთად, როგორ ალიანსმა, უნდა მივაქციოთ ყურადღება. გამოწვევების დროს, ჩვენ ძლიერი ვართ, როგორც ალიანსი და ჩვენი ხალხი უფრო დაცულია. ჩვენი კავშირი და ურთიერთვალდებულება იყო ჩვენი თავისუფლებების, ღირებულებების და უსაფრთხოების გარანტია 70 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმოქმედებთ დღეს, რომ ნატო ამ თავისუფლებების გარანტია იყოს შემდგომი თაობებისთვის“, – ნათქვამია ლონდონის დეკლარაციაში.
ნატო-ს ლიდერების შეხვედრა ლონდონში 70-ე წლისთავთან დაკავშირებით 3-4 დეკმებერს მიმდინარეობდა.