ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე ქვეყნები - საქართველო კონტინგენტის რიცხოვნობით არაწევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა [ვიდეო]
ნატო „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support Mission-RSM) მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას და ბოლო მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს პირველი ადგილი უკავია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს არასაბრძოლო მისიაში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ნატო-მ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებზე სპეციალური ვიდეოც მოამზადა, სადაც მოკლე ინტერვიუებთან ერთად ნაჩვენებია, თუ როგორ ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მიზნით, ქართული ქვედანაყოფები ოთხი თვის განმავლობაში ინტენსიურ გადასროლისწინა მომზადებას გადიან, რომელსაც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას გერმანიაში ერთი თვის განმავლობაში გადის.
ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და 15 995 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი 8 475 სამხედრო მოსამსახურე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი. აშშ-ს მოჰყვება გერმანია 1 300 ჯარისკაცით და მესამე ადგილზეა იტალია – ავღანეთში 895 იტალიელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის (RSM) დასრულებამდე დარჩება.
ასევე, საქართველო 2015 წლიდან შეუერთდა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NATO Response Force- NRF).
ამასთან, ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.