ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება.

ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს ხორვატ და უნგრელ კოლეგებთანაც გამართავს. იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ხორვატიის თავდაცვის სამინისტროსთან.

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ივლისში დაგეგმილ სამიტზე განსახილველ თემებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უმთავრესი ნატო-ს ძალების სამხედრო მზადყოფნის გაზრდაა.