ნატო-მ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დაფინანსება 2024 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ, სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტემიულერის განცხადებით, მისიას მხარი ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.
ალიანსის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ იმ დრომდე, როდესაც ავღანეთის მთავრობა მხარს დაუჭერს მშვიდობისა და შერიგებისკენ მიმართულ ქმედებებს, მოკავშირეები დაეხმარებიან მას არმიის დაფინანსებისა და პერსონალის ნაკლებობის შევსების მიმართულებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულ ოლქებში.
დეკლარაცია ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ საწვრთნელი მისია 2015 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო.