ნატო და აშშ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებენ
ნატო და აშშ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებენ

ნატო და აშშ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე, სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენებს ძალას. იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთმა მოსკოვს უკვე უჩვენა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სანქციების დაწესება შეუძლია.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ხელშემწყობი ნებისმიერი ქმედება აშშ-ის დიდ შეშფოთებას გამოიწვევს და აგრესიის ნებისმიერი გამოვლენას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მისი თქმით, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ნატო-ს წევრები იმსჯელებენ იმ შესაძლო ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმა ალიანსის თავდაცვის, მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება საჭირო.