საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის საპროტესტო აქციებისას ადამიანებზე, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაზე თავდასხმების შემთხვევაში პოლიციას დაუყოვნებლივი ჩარევის უფლება ექნება

15:00, 04.11.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი 5 ნოემბრის საყოველთაო გაფიცვისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების წინ სამართალდამცველებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

მინისტრის განცხადებით, პოლიციამ და ჟანდარმერიამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევები თავიდან უნდა აიცილონ, ხოლო ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იმოქმედონ. ნუნიესის თქმით, სამართალდამცველებს ექნებათ „ძლიერი, ოპერატიული და მოქნილი“ სისტემა, რომელიც დრონების გამოყენებასაც ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით, ადამიანებსა და კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაზე თავდასხმების შემთხვევაში პოლიციას დაუყოვნებლივი ჩარევის უფლება ექნება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხელისუფლება რამდენიმე შეზღუდვას აწესებს. შესაბამისი განკარგულებებით იკრძალება იარაღისა და დამცავი აღჭურვილობის ტარება, ასევე პიროტექნიკური საშუალებების გაყიდვა და გადატანა. გაძლიერდება კონტროლი გზებსა და რკინიგზის სადგურებზე.

ლორან ნუნიესი რეგიონების პრეფექტებს რეკომენდაციას აძლევს, საპროტესტო მსვლელობების მარშრუტები ისე დაგეგმონ, რომ დემონსტრანტებმა ქალაქების ცენტრალური უბნები არ გაიარონ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტერიტორიული დაზვერვის სამსახური 5 ნოემბერს მაღალი რისკის დღედ აფასებს. ტელეკომპანია BFMTV-ს ცნობით, 3 ნოემბრით დათარიღებულ სადაზვერვო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებობს ძალადობის ესკალაციის საფრთხე, განსაკუთრებით ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში.

დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რეგიონებში საპროტესტო აქციებზე 500 ათასიდან 700 ათასამდე ადამიანის გასვლაა მოსალოდნელი.

მსგავსი