ნატო ჩხეიძე - ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ გადადგეს ხელისუფლება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ გადადგეს ხელისუფლება, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა.
ნატო ჩხეიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი მძიმე დღეები ბევრი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება.
„ქვეყანაში არის ქაოსი და ამ ქაოსს „ქართული ოცნების“ მთავრობა და ხელისუფლება ვერანაირად ვერ აწესრიგებს. ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ გადადგეს ხელისუფლება, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და მოვიდეს კოალიციური მთავრობა.
დღეს არის ერთ-ერთი მძიმე დღე, ასეთი მძიმე დღეები ბევრი ყოფილა ამ ხელისუფლების ხელში. თუ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, კიდევ ბევრი იქნება. ამიტომ საჭიროა, შეიცვალოს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.