ნატო ჩხეიძე - „ქართულ ოცნებას“ ზაზა ოქუაშვილის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობა არ მიუღია, ეს ბიზნესი არსად წასულა და დასაბრუნებელიც არაფერი იყო
„ქართულ ოცნებას“ ზაზა ოქუაშვილის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ეს ბიზნესი არსად წასულა და დასაბრუნებელიც არაფერი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ეს ბიზნესი 2004 წლის დეკემბრიდან ამუშავდა. ეს სხვა საკითხია, რომ მაშინ, ფაბრიკა, სტამბა და ყველანაირი მაშინდელი ბიზნესი თითქმის, ერთი წლის განმავლობაში იყო გაჩერებული, მაგრამ ბიზნესი ზაზა ოქუაშვილის იყო და დასაბრუნებელიც არაფერი იყო. ახლა, ორი თვეა, მხოლოდ ფაბრიკაა გაჩერებული“, – განაცხადა ჩხეიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ეს ასე იყო, 2015 წელს, როცა „იბერია“ ხელახლა გაიხსნა, რატომ ამბობდა ზაზა ოქუაშვილი რომ „ხელისუფლების ცვლა რომ არ მომხდარიყო, ეს დადებითი ცვლილება არ მოხდებოდა და შესაძლოა, ჩვენი მობრუნება დიდ დროში გაწელილიყო“, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ როგორც ციტატა ამბობს, ხელისუფლების ცვლა რომ არ მომხდარიყო, „იბერია“ კანონიერი მფლობელის ხელში ვერ გადმოვიდოდა, მაგრამ ხელისუფლების ცვლილება ზაზა ოქუაშვილისთვის არ მომხდარა, მისი ცვლილება მოხდა და ამის შემდეგ „იმედმა“ ინება, მის მფლობელობაში არსებული „იბერია“კანონიერი მფლობელისთვის დაეთმო, რაც „იმედისა“ და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმება იყო და ამაში „ქართულ ოცნებას“ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
„ქართული ოცნების“ მხრიდან არავითარი პოლიტიკური ნება არ იყო; არც ჩარეული იყო და არც არაფერი იცოდა. ზაზა ოქუაშვილმა „იმედს“ მიმართა და „იმედმა“ „იბერია“ ამ ჯერზე, 2013 წელს დაუბრუნა. მანამდე ამბობდა, არ ვიცი, არის თუ არა „იბერია“ ჩემს შემადგენლობაშიო. იმის გარკვევას, „იბერია“ ვის შემადგენლობაში იყო, გარკვეული წლები დასჭირდა და როცა გაირკვა, „იბერიის“ ლიცენზია სად იყო და „იმედმა“ აღიარა, რომ ის მის შემადგენლობაში იყო, მერე გადმოსცა, მთლად კეთილი ნებით არა, თუმცა, კონფერენციაზე ასე განაცხადა. ამას რა მნიშვნელობა აქვს, ერთი სიტყვით, „იმედმა“ დათმო, რაშიც „ოცნების“ არც ერთი ოფიციალური, თუ არაოფიციალური მმართველი არ ჩარეულა. ასე რომ, ზაზა ოქუაშვილისთვის რამის გაკეთებას თვითონ ნუ იბრალებენ“, – განაცხადა ჩხეიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად ლოგიკურია ის, რომ ადამიანი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკურ ძალას, რომლის მმართველობის დროსაც მის ბიზნესს პრობლემები შეექმნა და ტელევიზიის ლიცენზია ჩამოართვეს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა რომ განცხადება, თითქოს, ზაზა ოქუაშვილი ამ პოლიტიკურ ძალას მხარს ღიად უჭერს, ჟურნალისტების და „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციაა.
„მხარს ღიად ვუჭერო, ასეთი რამ ზაზა ოქუაშვილს არ უთქვამს. დიახ, წინა ხელისუფლებას ის დამოკიდებულება ჰქონდა, რაც ამ ხელისუფლებას აქვს. ეს მეორე და მესამეც არ არის, პირველი შევარდნაძის დროს იყო. რამდენი მთავრობაც შეიცვალა, „ომეგა ჯგუფის“ მიმართ იმდენი ერთი და იგივე დამოკიდებულება იყო. ეს გასაკვირი არ არის, უკვე იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა და გამძლეობაც მოგვემატა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძემ ასევე განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე დღევანდელ ჩრდილოვან მმართველობასთან ღია ბრძოლაშია და თანადგომას, თუ მხარდაჭერას რომელი პოლიტიკური პარტიაც გამოხატავს, ამას არავის დაუშლიან და თუ პარტიებს უნდათ, შეუძლიათ, ერთმანეთს მხარდაჭერაში გაეჯიბრონ.