ნატო ჩხეიძე - პარტიას „ლელო საქართველოსთვის” კი ჰქვია, მაგრამ რეალურად და პრაქტიკულად „ლელო ხაზარაძისთვის” უნდა ერქვას, კიდევ ჯაფარიძისთვისაც
ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.
საუბარია ხაზარაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომ „ლელო“ 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება და ვინმე ინდივიდუალურად თუ მივა, არ დაუშლიან.
„სერიიდან:
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით…
„ჩვენი ფოკუსი უნდა მიმართული იყოს მეორე ტურზე… და ეს ფოკუსი არ უნდა დაიკარგოს” – თავისი ხედვა აქვს და გვიზიარებს „ლელოს” ლიდერი და ამიტომაც პარტია არ უერთდება 14 ოქტომბრის აქციას.
მაშ ასე, ხედვის ფოკუსი მეორე ტურიაო, ბრძანებს ლელოს ლიდერი.
პარტიას „ლელო საქართველოსთვის” კი ჰქვია, მაგრამ რეალურად და პრაქტიკულად „ლელო ხაზარაძისთვის” უნდა ერქვას. ჰო, კიდევ ჯაფარიძისთვისაც))
„გახარია საქართველოსთვის” ხომ იყრიდა ამ არჩევნებში კენჭს და ეს რატომაც არა?.. იყოს ბარემღა ასე – ლელო ხაზარაძისთვის. თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო))
ჰოდა, ლელოს ლიდერი ხედვის ფოკუსს არ გაამრუდებს…
ფოკუსი კი ის არის, რომ ყოველთვის ფრთებქვეშ უნდა იყოს. დასაწყისში შევარდნაძის ფრთებქვეშ. მერე სააკაშვილის ფრთებქვეშ. ცოტა მერე ივანიშვილ-კვირიკაშვილის ფრთებქვეშ. ახლა კვირიკაშვილი მონასტრის გზას ადგას და ივანიშვილის ფრთებიღა რჩება…
14 ოქტომბერს ფრთები არ ფარავს. იქ კლანჭების სუნი უფრო იგრძნობა. ჰოდა, „ლელო საქართველოსთვის” ფოკუსს რას გაიმრუდებს, ხედვას რას დაიელმებს?..“ – წერს ნატო ჩხეიძე.