ნატო ჩხეიძე - ლევან ბეჟაშვილს სურვილი ჰქონდა, რაღაც ხლართებში მე გავხლართულიყავი, მაგრამ ამ ხლართებში თვითონ გაეხვია
გუშინ პირდაპირ ეთერში ლევან ბეჟაშვილმა ჩაიდინა პარლამენტის მანდატისა და მეოჯახე კაცისთვის შეუფერებელი საქციელი, როდესაც ბრალი დამდო და ამ ბრალისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, საკუთარი შვილები დაიფიცა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
ნატო ჩხეიძის თქმით, ბეჟაშვილმა მას ცილი დასწამა.
„ბეჟაშვილმა ცილი დამწამა, რომ ჩათში ნიშნიანიძის გვარის ჩაწერის ინიციატორი მე ვიყავი და ამის შემდეგ ჩაწერეს ის გვარი ჩათში. ეს იმ დროს, როდესაც პარლამენტში არის დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ ამ გვარის ჩაწერის ინიციატორი იყო თვითონ და მას ჰქონდა კომუნიკაცია. გუშინ ჩემთან პირად საუბარში სინანულიც კი გამოთქვა, რომ პირადად ჩვენ, მე და როსტომ ჩხეიძე ვერ ჩაგვაყენა საქმის კურსში. ეს დეპუტატი ყველამ იცით. თავადაც შეუძლია, მოვიდეს და ბრძანოს თავისი სათქმელი ყველაფერ ამასთან დაკავშირებით.
მინდა, ვკითხო „ნაციონალურ მოძრაობას“, არის თუ არა ბატონი ბეჟაშვილის ეს საქციელი ყოვლად შეუფერებელი და პასუხის მოთხოვნისას გამოიჩენენ თუ არა იმის მეათედ ენთუზიამს მაინც, რაც გამოიჩინეს, ჩემდა გასაკვირად, ჩვენ მიმართ. მინდა, ვკითხო ლევან ბეჟაშვილს, რატომ დასჭირდა, რომ, სხვა დეპუტატის გვარის ნაცვლად, ჩემი გვარი დაესახლებინა, დანარჩენი ახლა, რა ცოდვა ჩაიდინა, ეს ოჯახმა მოსთხოვოს პასუხი. ვისურვებდი, ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის გასარკვევადაც შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. ალბათ მოინახება 30 დეპუტატი მაინც, რათა გაირკვეს, ბეჟაშვილს რა ფარული ხლართები ჰქონდა, რატომ და რა მიზნით, კენჭისყრის, არ ვიცი, რის შესაცვლელად, მთლიანად ოპოზიციის ზურგს უკან“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
კითხვაზე, – „თქვენ ამბობთ, რომ ლევან ბეჟაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ რაღაც ხლართები ჰქონდა და თვითონ აიხლართა?“ – ნატო ჩხეიძემ უპასუხა:
„დიახ, თქვენ ძალიან სწორად მიეცით განმარტება. ვვარაუდობ და თანდათან უფრო და უფრო იკვეთება ეს საკითხი, რომ იყო რაღაც ხლართები, ამ ხლართებში თვითონ ახლა გაეხვია, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდა, მე გავხლართულიყავი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.