ნატო ჩხეიძე ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის კენჭისყრამდე კომუნიკაცია ჰქონდა ლევან ბეჟაშვილთან, თუმცა საუბრის თემას არ აკონკრეტებს
ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის კენჭისყრამდე ორი წუთით ადრე მას კომუნიკაცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, ლევან ბეჟაშვილთან.
ჩხეიძის განცხადებით, ახლა არ დააკონკრეტებს, რა ინფორმაცია მიაწოდა მას ბეჟაშვილმა და ამას მხოლოდ ტელევიზიების ეთერებში იტყვის.
„მცირე ინტერესი დავტოვოთ ეთერებისთვისაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩხეიძემ.
დღეს ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. ჩხეიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მაჭუტაძემ ამის მიზეზად დაასახელა ის „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.